საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება
15 ოქტომბერი 2019ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის არსებული საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმ ვალდებულებების თაობაზე, რომელთა შესრულების ვადა 15 ოქტომბერს დგება.
მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს, ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე საინვესტიციო ხელშეკრულების ერთ-ერთი ბოლო ცვლილებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ აიღო ვალდებულება 2019 წლის დასასრულამდე მოიპოვოს პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსება, კონკრეტულად კი - მოიზიდოს საკუთარი კაპიტალი 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით და წარმოადგინოს საერთაშორისო ბანკებიდან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფაზე ხელმოწერილი ხელშეკრულებები.
საინვესტიციო ხელშეკრულების ამავე ცვლილებით, განისაზღვრა დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებული კონსორციუმის შუალედური ვალდებულებები, კერძოდ:
15 ოქტომბერს კონსორციუმმა უნდა შეასრულოს ორი ვალდებულება:
- წარმოადგინოს შეთანხმებები პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე. აღნიშნული შეთანხმებები კონსორციუმსა და მის ინვესტორებს შორის უნდა ატარებდეს სავალდებულო ხელშეკრულების და არა წინასწარი, მხარეთა განზრახულობათა გაცვლის დონის მქონე დოკუმენტის ხასიათს. კონსორციუმსა და მის ინვესტორებს შორის ხელმოწერილი შეთანხმებების ძალაში შესვლა დამოკიდებული უნდა იყოს მხოლოდ საერთაშორისო ბანკებთან სასესხო ხელშეკრულებების ხელმოწერაზე.
- წარმოადგინოს საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებები, 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე. ბანკების მიერ განსაზღვრული სესხის გაცემის პირობები, რომელიც დაკავშირებულია მთავრობის რაიმე სახის ვალდებულებებთან, უნდა იყოს მისაღები მთავრობისთვის.
- საერთაშორისო ბანკების პროცედურების გათვალისწინებით, ზემოთ მითითებული შუალედური ვალდებულებების დროული შესრულება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კონსორციუმის მიერ 2019 წლის ბოლოს პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვების ვალდებულების შესრულებას.
ამდენად, მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას ეძლევა უფლება მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.
ვინაიდან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადა 2019 წლის 15 ოქტომბრით განისაზღვრება, ვალდებულები ვართ ვადა ამოწურულად ჩავთვალოთ დღის ბოლოს და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დამდგარი შედეგი საზოგადოებას მხოლოდ 2019 წლის 16 ოქტომბერს ვაცნობოთ.
ამასთან, გვსურს გამოვეხმაუროთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ 2019 წლის 14 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას.
2019 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტომ“ მიიღო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წერილი, თუმცა, ის არ შეიცავს პორტის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ხედვებს ან გეგმებს. წერილის არსი სრულიად განსხვავდება კონსორციუმის მიერ გაცხადებული შინაარსისგან.
საყურადღებოა, რომ საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების პარალელურად, ხელშეკრულების კონფიდენციალურობის მუხლზე მითითებით, კონსორციუმმა შეუზღუდა სახელმწიფოს წარდგენილი შეტყობინების როგორც შინაარსის, ისე მისი წარდგენის ფაქტის გასაჯაროვების უფლება.
საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილებისა და მაღალი საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, მივმართავთ კონსორციუმს თავად გაასაჯაროვოს სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილი და მისცეს საზოგადოებას საშუალება, ინტერპრეტაციების გარეშე, შეაფასოს ვითარება და გააკეთოს დასკვნები.
ჩვენ კი, როგორც ხელშეკრულების მხარე, რომელიც ყოველთვის მოქმედებდა მაღალი პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის ხარისხით, კვლავაც ვადასტურებთ მზაობას უარი ვთქვათ კონფოდენციალობის მოთხოვნაზე.